მსოფლიო დღეს

ირანი მზადაა განაახლოს ბირთვული გარიგების შესახებ მოლაპარაკებები: დასახელდა თარიღი

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ირანი მზადაა, მომავალ თვეში დაუბრუნდეს ბირთვული გარიგების შესახებ მოლაპარაკებებს მსოფლიოს სახელმწიფოებთან, იუწყება „ამერიკის ხმა“ (VOA).

„ჩვენ მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლომდე განვაახლოთ“, — დაწერა Twitter-ზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალი ბაგერიმ ბრიუსელში ევროკავშირელ შუამავლებთან შეხვედრის შემდეგ.

ბაგერის თქმით, რომელიც თეირანის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია, ბირთვული გარიგების შესახებ მოლაპარაკებების განახლების ზუსტი თარიღი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ცნობილია ბაგერის განცხადება, მაგრამ აშშ ევროპელი ჩინოვნიკებისგან ელოდება იმის დასტურს, რომ ირანი ნამდვილად მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაბრუნებლად.
მსოფლიო დღეს
არადიპლომატიური გზები: აშშ ირანის მიმართ „სხვა ვარიანტებს“ განიხილავს
აღსანიშნავია, რომ ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას მთელი ძალებით ცდილობენ ევროკავშირი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნები. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ირანში მკაცრი ხაზის გამტარებელი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აირჩიეს. მოლაპარაკებები უკვე ოთხი თვეა, რაც შეჩერებულია.
როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, აშშ მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები, თუ ირანი მზად არის, შეასრულოს ვალდებულებები ბირთვული შეთანხმების შესახებ და შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი.
ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია) პირდაპირი მოლაპარაკებები ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. ეს ითვალისწინებს: აშშ-ის სანქციების მოხსნას ირანისთვის, თეირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებასა და აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებას.
მსოფლიო დღეს
ავანსი არ იქნება: აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის
ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.
2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.