თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი XVI აღმოსავლეთ აზიურ სამიტზე ვიდეოკავშირის მეშვეობით სიტყვით გამოვიდა, აღნიშნულია კრემლის ვებგვერდზე.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სამიტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების განხილვის კარგი შესაძლებლობაა.
„ჩვენი საერთო რეგიონი მართლაც იქცა პოლიტიკური, საქმიანი და საინვესტიციო აქტივობის ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ დინამიკურ ცენტრად. ამასთან, ის აწყდება სერიოზულ გამოწვევებსა და საფრთხეებს უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური განვითარების სფეროში, რომლებსაც ბოლო ორი წელია, კორონავირუსიც დაემატა“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებს ერთობლივი მუშაობისთვის ვაქცინების წარმოების ლოკალიზაციის საქმეში და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიაროს მათ, ასევე, უსასყიდლოდ გადასცეს COVID-19-ის ტესტები და რეაგენტები დიაგნოსტიკისთვის, ასევე გააფართოოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ეპიდემიოლოგების სწავლების პროგრამა ვლადივოსტოკის ბიოუსაფრთხოების პრობლემების შემსწავლელი ცენტრის ბაზაზე.
„აღვნიშნავ, რომ რუსეთი ისწრაფვის, რეალური წვლილი შეიტანოს COVID-19-ის ვაქცინებზე თავისუფალი და არადისკრიმინაციული წვდომის უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარებაში ყველა სახელმწიფოს მოქალაქეთათვის. მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების პროცედურის შემუშავებას, რის გარეშეც ამჟამინდელ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია რეგიონში ჩვენი ქვეყნების მოქალაქეთა დაუბრკოლებლად გადაადგილება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტის გამოსვლის მეორე ასპექტი იყო უსაფრთხოება რეგიონში. მისი სიტყვებით, ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის შენარჩუნება.
„ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გამოწვევებისა და საფრთხეების რაოდენობა არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება, მწვავდება მოძველებული და ვლინდება ახალი კონფლიქტური სიტუაციები“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შესაძლოა შეიარაღების შეჯიბრის ახალი ტალღა აგორდეს.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად, რეგიონი შეეჯახა ამ იარაღის საკუთარ ვრცელ ტერიტორიაზე გამოჩენის შესაძლებლობას, შესაბამისად, შეიარაღების შეჯიბრის ახალი ტალღის აგორების პერსპექტივასაც“, - დასძინა მან.
პუტინმა მიუთითა, რომ რუსეთმა ცალმხრივად გამოაცხადა მორატორიუმი ასეთი რაკეტების განთავსებაზე და დანარჩენებსაც მოუწოდა, შეერთებოდნენ ამ ინიციატივას. მან ხაზი გაუსვა, რომ წინადადება ძალაში რჩება და მისი აქტუალობა იზრდება.
აღმოსავლეთ აზიურ სამიტში მონაწილეობს 18 სახელმწიფო: ათი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციიდან - ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები) და პარტნიორები - რუსეთი, ავსტრალია, ინდოეთი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, აშშ და იაპონია.
წელს ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ჩამოაყალიბეს სამხედრო ალიანსი AUKUS, რომელიც, ექსპერტთა მოსაზრებით, მიზნად ისახავს ჩინეთის შეკავებას. კერძოდ, მისი წევრები შეშფოთებული არიან პეკინის მოქმედებით სამხრეთ-ჩინეთის ზღვაზე.