თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო „ლამიანი“ ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საწარმოს შესაქმნელად ჯამში 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში წელს პირველად 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი და შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირველადი წარმოებისას, ასევე, გადაამუშაოს პროდუქცია და მეტი შემოსავალი მიიღოს დამატებითი ღირებულების სახით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12,4 მლნ ლარს შეადგენს.
პროგრამაში მონაწილეობენ კოოპერატივები, რომლებშიც მინიმუმ 20 მეპაიეა და თითოეულ მეპაიეს აქვს მინიმუმ 0,1 ჰექტარი ვენახი მაღალმთიან რეგიონში, ან 0,3 ჰექტარი ვენახი ბარში.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებმა მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა.