თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. დღეიდან ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა ერთობლივი სამთავრობო პროექტის – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელებას იწყებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კორპუსია ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო1.400-ზე მეტი ოჯახი ავარიული სახლის პირობებში ცხოვრობს.
„უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიისა და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შევთავაზებთ კონკრეტულ, გარემონტებულ ბინებს. ამის პარალელურად დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და მთლიანად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ამ გეგმის მიხედვით, ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა 2025 წლისთვის გადაიჭრება.
რიჟვაძის თქმით, 4 წლის განმავლობაში პროქტის ფარგლებში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ბათუმის მერიას ასევე დაგეგმილი აქვს ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციაც. 2 წლის განმავლობაში ამისათვის10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.