თბილისში „ანგელოზი ინვესტორები" ჩამოვიდნენ

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) სამიტი მიმდინარეობს, იუწყება დედაქალაქის მერია.
ბიზნეს-ანგელოზი – ეს არის კერძო ინვესტორი, რომელსაც შეუძლია კომპანიებს ფინანსური ან საექსპერტო მხარდაჭერა ძალიან ადრეულ ეტაპზე გაუწიოს.
სამიტი ორდღიანია და მის ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის და FiBAN-ის (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.
მერიის ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
ქართულ სტარტაპებს ბიზნეს-ანგელოზები დაეხმარებიან
სამიტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
ანდრია ბასილიას თქმით, თბილისს მიმდინარე წლის ივნისში ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-სგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.

„დაინტერესება, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა. თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს-ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისთვის.
პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისთვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.
პროექტი თბილისის მერიისა და ქართული „ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან „საქართველოს ბანკი“ და Grant Thornton Georgia.