დიდი დრო არ გასულა, რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ საბიუჯეტო პროცესი დაიწყო, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში დარეგისტრირდა.
ძირითადი პარამეტრების მიმოხილვის პარალელურად ისიც აღვნიშნე, რომ მთავრობა გაისად 4,4 მილიარდი ლარის სესხის აღებას გეგმავს. ვინ იქნებიან მომავალი კრედიტორები და ამ თანხის რა ნაწილი იქნება საშინაო თუ საგარეო ვალი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გეტყვით, რომ წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას სწორედ ქვეყნის საგარეო ვალზე შევაჩერებ. ვისი რამდენი გვმართებს, რაში იხარჯება ნასესხები თანხები და, რაც მთავარია, ვის მოუწევს კრედიტის გასტუმრება?
თანმიმდევრულად მივყვეთ. თუმცა, ვიდრე დასმულ კითხვებს ვუპასუხებდეთ, გთავაზობთ, საერთო პარამეტრებს გადავხედოთ. არახალია, რომ მთავრობის ვალი წლიდან წლამდე იზრდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კანონით დადგენილი 60 პროცენტის ნიშნულს დიდი ხანია გასცდა. მართალია, ბევრით არა, სულ 2 პროცენტით, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლების ტენდენცია არასახარბიელოა. სახელმწიფო საგარეო ვალი კი უკვე 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადასცდა და, მიმდინარე წლის ბიუჯეტის თანახმად, წლის ბოლომდე 10 მილიარდსაც მიაღწევს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას წელს ფული არავისგან უსესხია, მაგრამ ოქტომბრის ბოლომდე მთავრობის საგარეო ვალი დამატებით 100 მილიონი დოლარით გაიზრდება. ეს თანხა, რომელიც საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან ისესხა, ენერგეტიკას, კერძოდ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში მთავრობამ, იმ მოტივით, რომ ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა აღარ სურდა, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის შეღავათიან სესხზე უარი თქვა. მართალია, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობამ მალევე განმარტა, საქართველო ამ თანხას მაინც ვერ მიიღებდა, რადგან ქვეყანამ ვერ შეასრულა ის ვალდებულება, რაც კრედიტის მიღების პირობა იყო. იგულისხმება სასამართლო სისტემის რეფორმა.
ამ განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე კი საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 45 მილიონი ევრო ისესხა. გასულ თვეში ვალს აზიის განვითარების ბანკისგან ნასესხები 100 მილიონი დოლარი დაემატა. შესაძლოა ჩამეძიოთ, მთავრობამ რატომ გაზარდა საგარეო ვალი, როცა აგვისტოში ის ამის წინააღმდეგი იყო? მთავრობის განმარტებით, ამ კონკრეტულ კრედიტებზე შეთანხმებები დონორებთან ჯერ კიდევ გასულ წელს იყო გაფორმებული.
ერთი სიტყვით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საშემოდგომოდ მთავრობას დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის 8,047 მილიარდი დოლარი მართებდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყნის საგარეო ვალი ყოველწლიურად იმატებს.
ურიგო არ იქნება, თუ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას გადავხედავთ. 2012 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სამი წლის შემდეგ ის 5,2 მილიარდი დოლარი იყო. 2018 წელს კი საგარეო ვალი 5,4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2019 წლის მონაცემებით, საგარეო ვალი კიდევ 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მკვეთრი მატება გასულ წელს დაფიქსირდა, როცა საგარეო ვალი 7,5 მილიარდ დოლარს გადასცდა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2020 წელს საგარეო ვალის საგრძნობი ზრდა COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება.
ახლა დროა სტატიის შესავალში დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ. ვისი მართებს ქვეყანას, ანუ ვინ არიან მთავრობის კრედიტორები? მთავრობას ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის ვალი აქვს. თანხა 2,205 მილიარდი დოლარია. აზიის განვითარების ბანკის ვალი კი 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთავრობას ევროპის საინვესტიციო ბანკის 855 მილიონი დოლარი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 209 მილიონი დოლარი მართებს. ცალკეული ქვეყნებიდან მთავრობას ყველაზე მეტი, 713 მილიონი დოლარი გერმანიის ვალი აქვს. საფრანგეთის 560 მილიონ დოლარამდე მართებს, იაპონიის ვალი 199 მილიონი დოლარია, რუსეთის კი 31,570 მილიონი დოლარი და ა.შ.
ანალიტიკოსთა განმარტებით, ვალის აღება არც ტრაგედიაა და არც პრობლემა. კრედიტებს ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც იღებენ. მთავარია, რაში იხარჯება ნასესხები თანხები. რა თქმა უნდა, სასურველია საკრედიტო რესურსები ზოგადად ეკონომიკურ განვითარებას, ცალკეული სექტორების ფინანსურ სტიმულირებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდეს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებიდან ჩანს, რომ ნასესხები ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური პროგრამებისთვის იხარჯება. თანხის ნაწილი წელს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ისესხეს. არცთუ იშვიათად ახალი სესხი ადრე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ხმარდება.
მთავრობის მიერ მიმდინარე წელს აღებული სესხის დიდი ნაწილი COVID-19-ის პანდემიის გამო ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად წარიმართა. გარკვეული ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან გამოყოფილი 150 მილიონი ევროს სესხი, რომელიც გაზსაცავის პროექტს მოხმარდა.
ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ მიზანშეწონილია მოზიდული თანხები გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდოს, რაც შემდეგ ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება, ან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებას მოხმარდეს.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ისეთს, როგორიც არის ინტერნეტ-სერვისების გაუმჯობესება, ხელშესახები ეფექტი აქვს. ტურიზმისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა კომუნიკაციების გამარტივება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ტრანზიტული ქვეყნისთვის, რომელიც შემოსავლების დიდ ნაწილს ავტომობილების რეექსპორტიდან იღებს. ასევე გამართლებულია დონორების თანხების დახარჯვა განათლების სექტორში. თუმცა განათლების სფეროში ხისტი რეფორმების გატარებისგან ყველა ხელისუფლება თავს იკავებს. ამ მიმართულებით დაფინანსება სესხების აღების გარეშე, არსებული რესურსებითაც შესაძლებელია“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი პაპავა. მისივე თქმით, დიდი განსხვავება არ არის, ფული ნასესხებია თუ ადგილობრივი გადასახადებით არის შეგროვებული. მთავარია, მისი ხარჯვა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იყოს. უნდა ვიცოდეთ, რას ვაფინანსებთ და რატომ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვალების გასტუმრებას ეხება. ვინ იხდის მთავრობის ვალს? პასუხი მარტივია და, ვეჭვობ, მკითხველთა უმრავლესობას კარგად მოეხსენება, რომ საგარეო ვალის გადახდა დიდწილად მოსახლეობას უწევს. ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ნაწილი უცხოეთიდან აღებული კრედიტების გასასტუმრებლად უნდა დაიხარჯოს. Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 6 პროცენტის დახარჯვა სესხის პროცენტის დაფარვაზე მოუწევს. მაგრამ გადასახადის გადამხდელებს არავინ ეკითხება, როგორ დაიხარჯოს ბიუჯეტი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უცხოეთიდან აღებული ვალით სოციალური ხარჯების გაზრდა მიზანშეწონილი არ არის. არადა, მოგეხსენებათ, სოციალური მიზნებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ დიდი ფული იხარჯება. არახალია, რომ საარჩევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ სოციალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.
და, ბოლოს, სტატიას პოზიტიურ ნოტზე დავასრულებ. კერძოდ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, მომავალში, COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური ეფექტის შემცირების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა თანდათან დაიკლებს. არ ვიცი, რა არის ამგვარი პოზიტიური შეფასების საფუძველი, მაგრამ უკვე ისიც კარგია, რომ ამგვარი შეფასება არსებობს...
სამსონ ხონელი