თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
ქართული დელეგაცია 9-13 ოქტომბერს Anuga 2021-ზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.
გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165.000 ვიზიტორი და 7.400-მდე პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს-კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა Anuga 2021-ზე საქართველო პირველად არის წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის“.
ქართული დელეგაცია გამოფენაზე სხვადასხვა თხილეულის, ხილის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტებით არის წარმოდგენილი.
ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში წელს მეოთხედ იღებს მონაწილეობას.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.