თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, ადგილიდან იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, რომელმაც დღეს ციხის საკანში მყოფი ექს-პრეზიდენტი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს.
ციხესთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე მეათე დღეა შიმშილობს, ბოლო დღეები წვენსაც კი არ სვამს და მხოლოდ წყალს იღებს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ხვალ დილით ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას მოითხოვს.
„მიშა, მოგმართავ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ, ან მკურნალობას მივხედოთ ცოტა ხანი. შენ გვერდზე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბოლომდე, მაგრამ შენი ჯანმრთელობაა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჯერ არ შესულა.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.
ნიკა მელია და ნიკა გვარამია
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„უკან დასახევი გზა არ არსებობს. ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ენმ-ის ლიდერები საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირზე არიან.