არჩევნები 2021

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 12 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს, ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე.

„ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პოლიტიკურმა ორგანიზაციამ აღნიშნა სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებული თავდადება და მადლობა გადაუხადა მაშველებს თავგანწირვისთვის.
არჩევნები 2021
„ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას“ - ბათუმის მერობის კანდიდატი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმსა და თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცოტა ხნის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროებით შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.
ბათუმის ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, გაუქმდა თბილისობა, ბათუმში საქართველო-საბერძნეთის დღევანდელი საფეხბურთო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
თბილისი დგას ბათუმის გვერდით: კალაძე თბილისობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
საავადმყოფოში იმყოფება ერთი დაშავებული მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
საბერძნეთთან მაყურებლის გარეშე - გადაწყვეტილება ბათუმის ტრაგედიას უკავშირდება
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.