„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა

კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მანქანაში დაუფიქსირდა სისხლდენა, შემოიყვანეს გულის გაჩერებით. მძიმე დაზიანებები აქვს კიდურების, ალბათ იქნება მოტეხილობებიც. ჯერ გამოკვლევები უნდა ჩატარდეს, მაგრამ გამოკვლევებამდე უნდა მოიყვანონ სასიცოცხლო მდგომარეობაში, რადგან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადეს ექიმებმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
„ძალიან შეუძლოდაა, კონტაქტზე არ გამოდის“: ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.