„ძალიან შეუძლოდაა, კონტაქტზე არ გამოდის“: ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე

კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ჩემი მეუღლე ძალიან შეუძლოდაა, ლაპარაკი არ შეუძლია და დამტვრეულია, განაცხადა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის მეუღლემ ჟურნალისტებთან.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნანგრევებშია მოყოლილი ქალის ორი შვილი და მაზლიც. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ბავშვების ხმაც ისმის.
მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
ჩამონგრეული კორპუსის თავმჯდომარე: ლიფტის მიშენების თაობაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.