თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კორპუსზე დაშენებაც და ლიფტიც შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მოხდა და ვერსია, რომ ნგრევა სწორედ ამან გამოიწვია, გამოირიცხება, განაცხადა ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის, სავარაუდოდ, რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.
„ავარიულობის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და არ ყოფილა საჩივარი. 12 ადამიანი არის ნანგრევებში მომწყვდეული. ლიფტის მიშენების თაობაზე, მე რამდენადაც ვიცი, ყველას ხელი აქვს მოწერილი, ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი", – განაცხადა საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს უმატებდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს – სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის გარეშე მიმდინარეობს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებიც მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.