არჩევნები 2021

საქართველოს ახალი პოლიტიკური რუკა: რა აჩვენა არჩევნებმა

პირველ რიგში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობას ახალი პარტიების ნახვა სურს, ფიქრობენ ქართველი პოლიტოლოგები.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით მოულოდნელად კმაყოფილი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.
პირველი იმიტომ, რომ პროპორციული სისტემით გადალახა საკრალური 43%, რომელიც, შარლ მიშელის ცნობილი შეთანხმების შემდეგ, „ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა. მეორე კი იმით, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში ოპონენტს გადაუსწრო, ხოლო მერის თანამდებობისთვის ბრძოლა მთავარ ქალაქებში მეორე ტურში გაგრძელდება.
ცესკოს წინასწარი მონაცემები საქართველოს ახალი პოლიტიკური გეოგრაფიის გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.
მაღალი აქტივობა
არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა საშუალოზე მაღალი და საქართველოს ისტორიაში ყველა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით რეკორდული იყო. უბნებზე 1.815.776 ამომრჩეველი – 51,92% გამოცხადდა.
ცესკო: მონაცემები შეიცვალა 121 უბანში>>>
ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა – 63,5%, ყველაზე დაბალი – ქვემო ქართლში – 47%.
თბილისი ამომრჩევლების აქტივობით ბოლოს წინა ადგილზე აღმოჩნდა – აქ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49,1%-მა მიიღო.
პროპორციული არჩევნები
მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,68% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 30,68%-ით, მესამე ადგილზე კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.
პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს ზუგდიდში, სენაკში, წალენჯიხასა და რუსთავში.
ამ რეგიონებში „ნაცმოძრაობამ“ გაიყვანა მაჟორიტარი კანდიდატებიც და, წინასწარი მონაცემებით, საკრებულოებში უმრავლესობა მოიპოვა.
შედარებით ნაკლები მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა პარტიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მას მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 8%-მა დაუჭირა. დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ (20%-მდე) რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.
„ქართულმა ოცნებამ“ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს - პოლიტოლოგები ადგილობრივ არჩევნებზე
შედეგების თანახმად, მთლიანობაში „ქართული ოცნების“ პროცენტული უპირატესობა დიდ ქალაქებში 40-42%-ს არ აღემატება. ამასთან, ის მეტი პოპულარობით სარგებლობს რეგიონების პატარა ქალაქებში და დასახლებებში.
პარტიამ ყველაზე მეტი ხმა პროპორციულ არჩევნებში მიიღო ნინოწმინდასა (84,03%) და საჩხერეში (80,23%). საშუალოდ, მხარდაჭერა რეგიონებში 45-დან 50%-მდე მერყეობს.
ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მმართველ პარტიას სამეგრელოს რეგიონში ერგო – მხოლოდ 40%.
მომავალი მერების შერკინება
ოპოზიციამ თავისი კანდიდატების გაყვანა მეორე ტურში მოახერხა 20 მუნიციპალიტეტსა და ყველაზე დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში.
ამასთან, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებმა პირველ ტურში კონკურენტები „ოცნებიდან“ უკან ჩამოიტოვეს ზუგდიდსა და ქუთაისში. დანარჩენ 16 ქალაქში ოპოზიციონერებს მცირედი უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატები უსწრებენ.
არჩევნები 2021
43%-იანი ბარიერი გადალახულია – ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები? ევროპარლამენტარების შეფასება
ოზურგეთში მეორე ტური ჩატარდება დამოუკიდებელ კანდიდატსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის, ცაგერში „ქართული ოცნებისა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატს შორის.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
როგორი სურათია თბილისში
თბილისში მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40,4% მიიღო. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 27,96%-ით გავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა მეტი ხმა მოიპოვეს, ვიდრე თავად პარტიებმა. მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ 45,06% მიიღო, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კი – 33,95%.
„ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ მასკარადი მოაწყვეს – გახარიამ არჩევნების შედეგები შეაფასა>>>
ორი მთავარი ძალის გარდა, წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მოხვდნენ: გახარიას პარტია “საქართველოსთვის“ – 8,89%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,63%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 3,03% და პარტია „ხალხისთვის“ – 2,57%.
რა აჩვენა არჩევნებმა
პირველ რიგში, არჩევნებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ მოსახლეობას ახალი პარტიების ნახვა სურს, ფიქრობენ პოლიტოლოგები.

„მიზეზი იმისა, რომ ვერც ერთმა ძველმა პარტიამ, როგორებიცაა „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ა.შ. ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი, პირველ რიგში, არის ის, რომ მოსახლეობის თვალში ისინი ასოცირებული არიან მსხვილ პარტიებთან და არ აღიქმებიან, როგორც დამოუკიდებელი პარტიები. ამიტომ ხალხმა გადაწყვიტა, ამჯერად მხარი პირდაპირ მსხვილი პარტიებისთვის დაეჭირა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ბევრმა ძველმა პოლიტიკოსმა ხალხის ნდობა დაკარგა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ლევან ნიკოლეიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“.

როგორც პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მრავალი პარტიის პერსპექტივა ამ მომენტში ნულის ტოლია.
„ის, რომ ბევრმა პარტიამ ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღო, მეტყველებს მის ნულოვან პერსპექტივაზე. თუმცა ამომრჩევლების დაბალი აქტივობა და რეალური ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის აპათიურობაც გასათვალისწინებელია“, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“.
ამასთან, მისი თქმით, პარტიების რეალურ რეიტინგზე მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით არ შეიძლება, რადგან მასში მონაწილეობა ქვეყანაში ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ნახევარზე ოდნავ მეტმა მიიღო.