თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკური კოორდინაციისთვის ტრანსატლანტიკური საბჭოს შექმნის წინადადება წამოაყენა, რათა საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში უკეთ ითანამშრომლონ, ნათქვამია ევროპარლამენტის მოხსენებაში.
ევროპარლამენტის დეპუტატების აზრით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, გახდეს ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი, დაიცვას საკუთარი ინტერესები საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ამასთან ერთად უნდა განავითაროს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთქმედების ფონზე.
„ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა განსაზღვრონ, როგორ ჯობს თანამშრომლობა და შეათანხმონ თავიანთი ნაბიჯები ჩინეთთან დაკავშირებით, რათა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობას თავი აარიდონ“, − ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან დეპუტატებმა იმ უთანხმოებასაც გაუსვეს ხაზი, რომელიც აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონში სამმხრივი თავდაცვითი ალიანსის − AUKUS-ის ჩამოყალიბებას მოჰყვა, სადაც მხარეებს ევროკავშირის ქვეყნები არ მიუწვევიათ.
ავღანეთის კრიზისის გამწვავებისა და ამერიკული ჯარების ამ ქვეყნიდან გაყვანის ფონზე ევროკავშირში კვლავ დაიწყეს მსჯელობა „სტრატეგიული ავტონომიის“ თაობაზე, მათ შორის, სწრაფი რეაგირების ევროპული ძალების ჩამოყალიბების თემაზე. ამგვარი ძალების ფორმირებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე 2022 წლის მარტში მიიღონ, როდესაც იგეგმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული პროგრამის პროექტის დამტკიცება (სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი“).
AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსი. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.
AUKUS-ის გაფორმებით ავსტრალიამ ჩაშალა ფრანგულ კომპანია Naval Group-თან წყალქვეშა ნავებზე 56 მილიარდ ევროდ შეფასებული კონტრაქტი, რომელიც საფრანგეთის მიერ Barracuda-ს კლასის 12 მოიერიშე წყალქვეშა ნავის დამზადებას ითვალისწინებდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა შეთანხმების ჩაშლას „ზურგში მახვილის ჩაცემა“ უწოდა.