შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მკვლელობის მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დანაშაულის დამკვეთმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტოს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 15 სექტემბერს მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამ განცხადებას ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ავრცელებს.
22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელი შესაძლოა დაქირავებული კილერია
როგორც გარდაცვლილი კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, მკვლელობის დამკვეთმა ძებნაში მყოფი ბრალდებულების ლიკვიდაცია გადაწყვიტოს.

„მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცველ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
როგორც კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა ადრე განაცხადეს, მკვლელობა არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“ და თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ნიკო კვარაცხელიას სახელი ბიბლიოთეკა-გემს მიენიჭება
გამოძიების ვერსიით, 15 სექტემბერს, 16 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას ახლოს გააჩერა მანქანა. კავილაძე დარჩა საჭესთან, ხოლო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას. როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.