თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია, როდესაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს ჩამოვიდა.
„ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და მედიისგან შეიტყო სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება. ყველა ჩვენი კომუნიკაცია უკრაინელ პარტნიორებთან მიმყარებს ამის თქმის საფუძველს, მათთვისაც ეს სიურპრიზი იყოს. არ არის გამორიცხული, ჩემი ვარაუდია, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ექნება დარღვეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი 4 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს და ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ყველა განმარტებას გააკეთებს.
ზალკალიანის თქმით, უკრაინის მოქალაქეობის მიღებამდე სააკაშვილი იყოს საქართველოს მოქალაქე, სადაც ოთხ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ძველ ხელმძღვანელობასთან სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე კომუნიკაციას აწარმოებდა. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა საკითხი სამართლებრივ ჩარჩოში იქნება განხილული.
მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო სააკაშვილის საკითხს უკრაინასთან რაიმე გართულებების გარეშე ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტს.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.