ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ შოკისმომგვრელი ბრალდება გააჟღერა
21:42 03.10.2021 (განახლებულია: 10:27 05.10.2021)
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ, რათა არეულობა შემოეტანათ და შემდეგ ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი 3 ოქტომბერს წინასწარ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე თბილისში გეგმავდა მოულოდნელად გამოჩენას, პოლიციის მობილიზების პროვოცირებას და ხელისუფლებისთვის ოპოზიციონერების მკვლელობის დაბრალებას.
„კულმინაციის დროს, მაქსიმუმ 10 ათასი კაცის მობილიზებას ალბათ შეძლებდნენ. პოლიციას, ბუნებრივია მოუწევდა მაშინ მისი დაკავება, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენება. აი ამ დროს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას... მათი ერთ-ერთი ვერსია იყო, ბოლომდე რომ მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ამ შემთხვევაში სრულად დავკარგავდით ლეგიტიმურობას, უცხოეთში აჩვენებდნენ, აი, ნახეთ რა ხდება, პირდაპირ ხოცავენ ოპოზიციის ლიდერებს. რეალურად, მაშინ მოითხოვდნენ არა მარტო სააკაშვილის გათავისუფლებას, არამედ მთავრობის გადადგომას, ეს ერთი, და მეორე, ახალი არჩევნების დანიშვნას. თუ გესმით რა მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს ხალხს?“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რიგებში ამ გეგმის მიხედვით ერთიანობა არ ყოფილა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მოვლენათა მსგავსი განვითარების წინააღმდეგი იყო.