თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტი, 43%-ის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდა, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ძალაში რჩება, განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა ბრიფინგზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილია შეთანხმება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მოიაზრებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებდა.
„ახლა, როდესაც გვაქვს არჩევნების საბოლოო შედეგები, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43 პროცენტისა, ძალაში რჩება“, - განაცხადა გალერმა.
მისი თქმით, პარტიებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა სასამართლო რეფორმის და შეთანხმების სხვა მნიშვნელოვანის ასპექტების მიმართულებით.
„მე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობის, პარლამენტში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით, ყველა პარტია დაუბრუნდება ამ პლატფორმას“, – განუცხადა „პირველ არხს“ მიხაელ გალერმა.
ევროპელი დეპუტატის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივ ბაზაში არსებობს დადებითი ძვრები, მაგრამ ამასთან ერთად რჩება სხვა ასპექტები და დარღვევები, რომელიც ამ ეტაპზე ხელს უშლის საარჩევნო პროცესის უფრო ხარისხიან შეფასებას.
„ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე ისწავლის ამის საფუძველზე და დასკვნებს გამოიტანს“, – დასძინა მიხაელ გალერმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებზე 46,65%-ით ლიდერობს.