თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
„დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! ის დააკავეს, როგორც მოვისმინეთ. მაგრამ მან იცოდა, რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, პრობლემა არის, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს“, — განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძოლებს და არა ვინმეს დამარცხებისთვის.
„ხვალ ყველანი ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად მივდივართ საარჩევნო უბნებთან. მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა „41“-ისა. მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება — განვითარებითა და სიმდიდრით“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.