„ზუსტად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და ქვეყნიდან არ გასულა“ – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უარყოფს.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ეს ვიდეო არის მონტაჟი და მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინაში, შემძვრალია სადღაც სოროში და ქვეყნიდან არ გასულა, აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
შსს: სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია
როგორც პოლიტიკოსმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

„დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება არის შეუძლებელი. ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა. ახლა სადღაც შემძვრალი იმალება და იქიდან გეგმავს რაღაცებს. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია. არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით, ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება მსგავსი DeepFake-ის გავრცელებას შარშანაც აპირებდა, თუმცა მაშინ ეს ირაკლი კობახიძის მიერ ჩატარებულმა პრევენციულმა ბრიფინგმა შეაჩერა.

„ამ შემთხვევაში მიშაზე, ამ კლოუნზე არ იყო საუბარი. მაშინ საუბარი იყო სხვა, ძალიან ბინძურ DeepFake-ზე. იცით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით DeepFake-ი არანაირი პრობლემა არ არის. რამდენიმე საათში თუ წუთში ამის დამზადება მარტივად შეიძლება. შარშან არ გააკეთეს, ამის პრევენცია მოხდა და წელს, როგორც ჩანს, გამოიყენეს ეს მეთოდი. ამას ტექნიკოსები დაადგენენ. მარტივი დასადგენია. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ეს კაცი უკრაინიდან არსად არ გასულა“, – განაცხადა მდინარაძემ.

შესაბამისად, მმართველი პარტია მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
სააკაშვილი საქართველოში ზღვით შემოვიდა?
პარასკევს სააკაშვილმა Facebook-ის საშუალებით ყველას მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია. მისმა თანამოაზრეებმა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოშია. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.
კობახიძე სააკაშვილის დაბრუნებაზე: „ეს კლოუნადის შემადგენელი ნაწილია“
მიხეილ სააკაშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ აუცილებლად ჩამოფრინდება თბილისში არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს. მან სოციალურ ქსელში „კიევი–თბილისის“ რეისის ბილეთის ჯავშნის ფოტოც გამოაქვეყნა. მმართველ პარტიაში სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებენ და აცხადებენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.