კობახიძე სააკაშვილის დაბრუნებაზე: „ეს კლოუნადის შემადგენელი ნაწილია“

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „კიევი-თბილისის“ ავიაბილეთი 2 ოქტომბრის თარიღით ჰქონდა შეძენილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
დღეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა წარწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მათი ლიდერის სამშობლოში დაბრუნება დაადასტურეს.
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომელთა მიხედვით ის ბათუმში იმყოფება, ყალბია და არის „კლოუნადის შემადგენელი ნაწილი“.

„სააკაშვილი საქართველოში არ არის. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავდა როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის კუთხით", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ექსპერტები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკვე სწავლობენ და მის ავთენტიკურობას მალე დაადგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე თბილისში გამოფრენის დამადასტურებელი ავიაბილეთის ჯავშნის ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0