არჩევნები 2021

ბანერების ომი საქართველოში: ქუჩებში „ივანიშვილის ფერმა“ გამოჩნდება

საქართველოში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა მატულობს, მხარეები ერთმანეთს სარეკლამო ბანერებით უპირისპირდებიან.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კომპანია „ალმა“ მზად არის განათავსოს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ღორის დინგით არის გამოსახული.
გუშინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საკუთარ პოსტერს მიუტანს კომპანია „ალმას“, რათა ის ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე განათავსოს იმავე პირობებით, როგორც ე.წ. სისხლიანი ბანერებია გამოკრული. დღეს კი ოპოზიციური პარტიის წევრებმა გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ კომპანია „ალმას“ მიმართეს თხოვნით, განათავსოს ივანიშვილის პლაკატი სახელწოდებით „ცხოველთა ფერმა“.
არჩევნები 2021
„სისხლიანი ბანერებით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა

„კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ ოფიციალური წერილით მიმართა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.
„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულიად სცილდება „ალმას" კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.
არჩევნები 2021
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს
მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ქუჩებში წინასაარჩევნოდ განთავსებული სკანდალური ბანერები არ მიიჩნია წინასაარჩევნო რეკლამად, ანდა წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.
ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ ბანერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საარჩევნო პროგრამად, ბანერები არ არის განთავსებული კანონდარღვევით, თუმცაღა ახდენენ ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.