თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია - იურისტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტს პრინციპში შეუძლია სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენია გამოტანილი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დაუმთავრებელი საქმეები, აღნიშნა იურისტმა
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ საქმეებზე, რომლებზეც ის დამნაშავედაა ცნობილი, განუცხადა Sputnik-საქართველოს იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა.
ოთხშაბათს ოპოზიციის ლიდერების პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ამის ეშინიათ, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით სააკაშვილისთვის ახალი ბრალდებების წაყენებას აპირებენ.
„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
იურისტის სიტყვებით, იმისათვის, რომ ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს, მას თხოვნით ან თავად სააკაშვილმა უნდა მიმართოს, ან მისმა ადვოკატმა. თუმცა კონსტიტუციაში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და ასეთი პუნქტი არ არის გაწერილი - „შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით“.
„თეორიულად და იურიდიულად, რასაკვირველია, პრეზიდენტს შეუძლია მსჯავრდებულის შეწყალება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც უკვე გამოტანილია საბრალდებო განაჩენი. რასაკვირველია, მას არ დაესიზმრება, რომ მსჯავრდებულს უნდა, რომ შეიწყალონ. ამიტომ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ მას უნდა მიმართოს ან თავად მსჯავრდებულმა, ან მისმა ადვოკატმა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ახალ ბრალდებებსა და სისხლის სამართლის საქმეებს, იურისტის თქმით, ეს მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით ხელსაყრელი არ არის.
ბილეთი ერთი მიმართულებით: პოლიტელიტა სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით
„თუ ახალი ბრალდებები გაჩნდება, მათ პოლიტიკური სარჩული დაედება. მაგალითად, რატომ იყავით ჩუმად ამდენი წელიწადი, და თუ სააკაშვილი დამნაშავე იყო, რატომ არ წაუყენეთ მას ბრალი მთელი ამ დროის განმავლობაში. ამიტომ ეს პოზიცია წამგებიანია“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თუ პირს ბრალი წაუყენეს დაუსწრებლად, სამშობლოში დაბრუნებიდან და დაკავებიდან ერთი თვის განმავლობაში მას შეუძლია სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში და გასაჩივრება. თუ სააკაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ზურაბიშვილი მას ვერ შეიწყალებს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე დასრულებულად არ ჩაითვლება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სერიოზულადაა განწყობილი - ორშაბათს საღამოს, მან თავის ფეისბუქ-გვერდზე თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა - კიევი-თბილისის რეისი 2 ოქტომბერს უნდა შესრულდეს.
„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე
როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის ბრუნდება, რათა დაიცვას საქართველოს მოქალაქეთა ნება. მან ხაზი გაუსვა ასევე, რომ ხელმძღვანელობს არა პირადი ამბიციებით, არამედ „ბავშვების მომავალზე“ ზრუნავს.
საქართველოს პროკურატურამ 2014 წელს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას და ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ ე.წ. ეპიზოდზე, პარლამენტის დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მოგვიანებით სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.