თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის სიტყვებით, მონიტორინგი ორი კომპონენტისგან შედგება: გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება, და მოკლევადიანი მისიები, რომელთა წევრებიც უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
„ჩვენ ეს (მოსაწვევების გაგზავნა) ჯერ კიდევ აპრილის თვეში გავაკეთეთ, როდესაც თარიღიც კი არ იყო ცნობილი და შემდეგ მეორე მოსაწვევი გაიგზავნა კონკრეტული თარიღის მითითებით. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ OSCE/ODIHR-ის მისია, გავუგზავნეთ მოსაწვევი, ისინი უკვე აქ არიან, საქართველოში“, – განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს.
ზალკალიანის თქმით, წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპარლამენტის დელეგაცია და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ.
„ადგილობრივი არჩევნების დროს ნაკლებად ჩამოდიან ხოლმე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ წლევანდელი ჩვენი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ასევე ევროპარლამენტის დელეგაციაც და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების მაღალი შეფასება მოყვება.
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.