თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიუ გუტერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა გაეროს როლზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას უჭერს მხარს.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლავიტსთან. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ისეთი ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება.
შეხვედრაზე გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას.
პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა.
მხარეები ასევე მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ნიუ-იორკში ორშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში 24 სექტემბერს ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია ნიუ-იორკში სამშაბათს, 14 სექტემბერს გაიხსნა. 21–27 სექტემბრის პერიოდში სესიაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლებია დაგეგმილი.