თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირებული სამი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ორსულები ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. სულ კი ბოკერიას კლინიკაში 17 კოვიდ-ინფიცირებული ორსული მკურნალობს, მათგან მხოლოდ ერთია აცრილი.
„სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული. სამწუხაროდ, არიან მართვით სუნთქვაზე, ინდუცირებულ კომაში და გრძელდება მათი მკურნალობა, მდგომარეობა არის კრიტიკული“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ალექსი ვაჩაძემ.
ექსპერტები ვაქცინაციისკენ ორსულებს განსაკუთრებით მოუწოდებენ, არწმუნებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. მათი განმარტებით, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად მსოფლიოში ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსული ქალია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში ინდური („დელტა“) შტამის გავრცელების გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 602 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 570 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.711 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 740.814 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 25,9%. ბოლო პერიოდში მედიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ვაქცინაციის ტემპი ძალიან შემცირდა, მათ შორის – ორსულებში.