სკანდალი დიპლომატების მიყურადების საქმეზე ბრიუსელამდე მივიდა

საქართველოს ელჩი ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში გამოძახეს.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში ორგანიზაციის ოფისში გამოიძახეს დიპლომატების ფარული მიყურადების საკითხის განსახილველად. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა გასულ კვირაში დიპლომატების გაშიფრული საუბრები გამოაქვეყნეს. ფარულ მიყურადებას, სავარაუდოდ, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა. გაშიფრულია კარლ ჰარცელისა და მისი ერთ-ერთი თანამშრომლის საუბარი 2020 წლის მარტში, როდესაც ისინი მსჯელობენ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებაზე.
დიპლომატის თქმით, მახარობლიშვილს ბრიუსელის პოზიცია გააცნეს.
„ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის თვალსაზრისით, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მიგვაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ჩვენ წინააღმდეგ ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული. ამ მიზნით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში, სადაც მას განუცხადეს ევროკავშირის პოზიციისა და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროპელმა დიპლომატმა დაამატა, რომ განაგრძობს თვალყურის მიდევნებას მოვლენებზე და კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობასთან.
ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესებულია პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და მას აქვს მიზეზი, გამოიყენოს ფარული თვალთვალი და მიყურადება, თუმცა ასეთ ინსტრუმენტებთან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო.
ფარული თვალთვალის საქმე: საქართველოს პროკურატურამ დახმარებისთვის უცხოეთს მიმართა
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა.
მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
საქართველოს პროკურატურამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის მუხლით 14 სექტემბერს დაიწყო. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
წაიკითხეთ ასევე:
მღვდელმსახურების თვალთვალი: საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ფარული თვალთვალის საქმე: სუსის ხელმძღვანელი შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ
ელენე ხოშტარია პროკურატურაში დაიბარეს