ფარული თვალთვალის საქმე: სუსის ხელმძღვანელი შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
საუბარია საქმეზე, რომელიც ეხება პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების ფარულ თვალთვალს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში იბარებს სუსის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, რათა დაუსვას კითხვები ფარული თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით.
ქართული სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს ოპოზიციურ ტელეკომპანიებში გავრცელდა. მასმედიის ცნობით, ტელეკომპანიებს აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა გაშიფრული აუდიოჩანაწერები დიპლომატების, მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსების მონაწილეობით. ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ გამოაქვეყნა გაშიფრული აუდიოფაილები დიპლომატების, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მონაწილეობით.
„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, საუბარია მასშტაბურ კანონდარღვევაზე.

„ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი იქნებოდნენ შესაბამისი სამსახურების უფროსები, მაგრამ ის, რომ პარლამენტის წევრები დღეს ბედავენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საერთოდ სხდომა უნდა იქნას თუ არა მოწვეული და სუსის ხელმძღვანელი უნდა მოვიდეს თუ არა პარლამენტში, ეს კიდევ ერთხელ არის ძალიან ცხადად ნიღბის ჩამოხსნა „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო საქართველო შესაძლოა დიპლომატიურ სკანდალში გაეხვეს.
„სერიოზული დიპლომატიური სკანდალია, იმიტომ რომ პირდაპირ არღვევს ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს საქართველოს, როგორც ვენის კონვენციის ხელმომწერ მხარეს, და, შესაბამისად, აღებულია აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მოქმედი დიპლომატიური მისიების თავისუფალი გაცვლა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა", – განაცხადა სამადაშვილმა.
„ლელო“ ასევე გამოდის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც ამ საქმის გამოძიებით დაკავდება.

რა აზრი აქვს?

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ლილუაშვილის დაბარებას ფორმალური ხასიათი ექნება და ამას არანაირი აზრი არ აქვს.
დოლიძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური საერთოდ უნდა გაუქმდეს.
„...რადგან ეს არაფერი კარგის მომტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, დღეს პარლამენტში ვინმეს მიყვანა მხოლოდ ფორმალური ნაწილია“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ხელისუფლების პოზიცია

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ჩანაწერები ოპოზიციურ მედიას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ლილუაშვილის მოსვლას (პარლამენტში) აზრი რომ ჰქონდეს, უნდა ვიცოდეთ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. ეს მასალა მართლა არსებობს, არ არსებობს; თუ არსებობს, რამდენად სიმართლე წერია იმ ტექსტებში და ა.შ. ამისთვის გამოძიებას უნდა ჰქონდეს როგორც მინიმუმ რაღაც კონტური მოხაზული. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ „ვორდის" დოკუმენტებში აკრეფილ ტექსტებზე. არ ვიცი მე ეს ტექსტი რეალურ აუდიოჩანაწერს ეხება თუ არა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.
ახალგაზრდების საპროტესტო აქცია თვალთვალის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
„შეწყდეს უკანონო თვალთვალი!“ – ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სუსში განაცხადეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ უწყებასთან გამოძიების ყველა ეტაპზე.
ყველა ახალი ამბავი
0