გარდაბანში „სართიჭალის საშრობი" გაიხსნა

საწარმოში, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი „სართიჭალის საშრობი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საწარმოს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან 3 მილიონი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი – 500 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტია. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 ათას ტონამდე მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს>>>
„ეს არის ახალი თანამედროვე საწარმო, სადაც მარცვლეულის ხარისხიან პირობებში დაბინავებაა შესაძლებელი. საწარმო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით... თუ ჩვენ გვსურს ვაწარმოოთ მეტი მაღალხარისხიანი პირველადი წარმოების პროდუქცია, უნდა გვქონდეს შესაბამისი შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეები. ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური და ითვალისწინებს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლის ხელშეწყობას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში მოსავლის დაბინავება უკვე თანამედროვე პირობებში ხდება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში უკვე შექმნილია 10 შემნახველი მეურნეობა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ჯამურად 5,2 მლნ ლარზე მეტია.
ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული.
პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი კომერციული ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 880 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3,9 ათასი სესხი. სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 11,4 მლნ ლარს აჭარბებს.