თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დ.დ.-მ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ორ პირს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
ფიზიკური დაპირისპირებისას შემთხვევის სხვა მონაწილეებიც დაშავდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასადგენად საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულ დავით დაუთაშვილს კი 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუშვილის თქმით, მან შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა. ის ასევე განმარტავს, რომ მის დაკავებულ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ის ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„სოფელ განთიადში, ჩემს შტაბში ვიყავი აგიტატორებთან და ვსაუბრობდით ამომრჩეველთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ამ დროს გამოიარა კახა ოქრიაშვილის ესკორტმა. ყველანაირად ცდილობენ, რომ წამოგვაგონ პროვოკაციაზე. ჩემი შვილის სისუსტე გამოიყენეს, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვმა დამინახა, რომ გრძნობა დავკარგე, დავეცი და მირტყამდნენ. ის აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. ჩემი შვილი თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას. მე თვითონ მოვიყვანე, რომ დანაშაულზე აგოს შესაბამისი პასუხი", – განაცხადა დაუთაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ოპოზიციური მასმედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და ამ კონფლიქტის დროს ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი დაჭრეს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების" დმანისის შტაბში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი პროვოკაცია. მათ სურთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.