თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველო და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წინასწარი კვლევების ჩატარების გარეშე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
„საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა თურნავამ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მზარდი სავაჭრო დინამიკა შეინიშნება. თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროები ყოველწლიურად ზრდის ქართული აგროსამრეწველო ნაწარმის იმპორტს, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე.
ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან.
მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარეობს სერბებთან, მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან, შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან.