COVID-19 - ბოლო ცნობები

დაიღუპნენ ტყუპები, რომელთა დედა რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსს ემსხვერპლა

ერთი თვის ახალშობილები მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. ჩვილი ბავშვების დედაც მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსს ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპები კორონავირუსს ემსხვერპლნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტყუპები 19 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში" გაჩნდნენ. 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირებისა და მძიმე მდგომარეობის გამო აუცილებელი გახდა. ახალშობილებს დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას>>
ორივე ახალშობილის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისთვის.

„ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის, თუმცა, ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა.

ტყუპების დედა 2 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ დამძიმდა. იგი თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსულია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია
ქვეყანაში გავრცელებული ინდური („დელტა“) შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. დიდი საფრთხის გამო სპეციალისტები ორსულებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ორსულებში ვაქცინაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.