თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად ორსულებში აცრის დაბალი ტემპისა, მათთვის ცალკე, ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ღონისძიება ტარდება ორსულების ვაქცინაციის გასააქტიურებლად.
„იცრებიან ორსული ქალბატონები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ერთეული შემთხვევებია. კონკრეტულად ორსულებთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიება რთულია გამოვყოთ, თუმცა საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია... გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით პროტოკოლი გადაიხედა, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსულია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 13 შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში გავრცელებული ინდური („დელტა“) შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. დიდი საფრთხის გამო სპეციალისტები ორსულებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.720 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 662-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.926-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.