თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ რეაგირება მოახდინა მღვდელმსახურების საუბრების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალზე და ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე ეკლესიის შესახებ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ ორშაბათს გაავრცელეს.
„გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს იმას, რომმსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ტელეარხები, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი ეკლესიის მიმართ და მოსახლეობაში მის მიმართ უნდობლობას თესენ.
„სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები“, – აცხადებენ საპატრიარქოში და გაკვირვებული არიან, რომ ამგვარ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, არც სახლახო დამცველს, არც არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მთავრობას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასმედიის მონაცემებით, სუსიდან ფარული ჩანაწერები ტელეარხებს მიაწოდა თბილისის მცხოვრებმა, უწყების ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ, რომელმაც მიმდინარე წლის 8 ივლისს თავი მოიკლა. საუბარია რამდენიმე ასეული სასულიერო პირის ფარულ მოსმენაზე და ფარული მიყურადების 50 ათასზე მეტ ფაილზე.