გევორგ მირზაიანი
პრეზიდენტებმა და პრემიერებმა გადაწყვიტეს, როგორ იმუშაონ ერთად ავღანეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე.
მჭიდრო კოორდინაცია
სამიტს მონაწილეები პირადად დაესწრნენ, გარდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა, რომელმაც ტაჯიკეთის დედაქალაქში ჩასვლა მის გარემოცვაში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო ვერ შეძლო.
„რამდენიმე დღით თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა გვიწევს“, – განმარტა რუსეთის ლიდერმა, რომელიც ღონისძიებაში ვიდეოკავშირით ჩაერთო.
რაც შეეხება სამიტის დღის წესრიგს, მონაწილეებმა მეტად საინტერესო ინიციატივებზე იმსჯელეს.
მაგალითად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა დამსწრეთ შესთავაზა რეაგირების მექანიზმის შემუშავება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ერთი ქვეყნის მეორეზე თავდასხმის შემთხვევაში (გულისხმობდა, როგორც ჩანს, კონფლიქტს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის).
თუმცა სამიტის მთავარი თემა ავღანეთში არსებული ვითარება იყო. „ყველა თანხმდება იმაზე, რომ ავღანეთის პრობლემატიკა უშუალოდ მოქმედებს სიტუაციაზე კოლექტიური უსაფრთხოების ცენტრალური აზიის რეგიონში“, – აღნიშნა სამიტის მასპინძელმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა.
ამერიკელების გასვლამ და თალიბების მიერ ქაბულის აღებამ ახალი რეალობა შექმნა, რომელსაც ახალი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები ახლავს თან.
შესაბამისად, ქვეყნები უნდა გაერკვნენ, როგორ მოერგონ ამ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, სასურველია, კოლექტიურად – დიპლომატიური, სამხედრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
„ამჟამად, როგორც არასდროს, საჭიროა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეტად მჭიდრო კოორდინაცია და ერთობა“, – ხაზგასმით აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
ავღანური გზაჯვარედინი
იქ ყველასთვის უკვე ნათელია, რომ თალიბანი – ავღანეთის ახალი მმართველი ძალაა, თანაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ქვეყანაში არ არსებობს სხვა ძალა, რომელსაც თალიბების ჩამოგდების უნარი შესწევს. გარეშე ძალები კი, თუნდაც რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ავღანეთში ჯარებს არ შეიყვანენ იმისათვის, რომ იქ თავისთვის უფრო კომფორტული მთავრობა დასვან.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებით, არავინ აპირებს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში ჩარევას. ასე რომ, მეზობელ სახელმწიფოებს მოქმედების სამი ვარიანტი აქვთ.
პირველი – გამოუცხადონ თალიბებს ტოტალური ბოიკოტი და საზღვრებთან სანიტარული კორდონი აღმართონ. ეს საუკეთესო საშუალება არ არის, რადგან ნიშნავს „თალიბანისთვის“ ნამდვილი ცივი ომის გამოცხადებას – მრავალი რისკითა და ხარვეზით.
მეორე გზაა – თალიბებთან სუბსტანციური მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ მათი აღიარების გარეშე (შეგახსენებთ, რომ „თალიბანი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჯიჰადისტური სტრუქტურა, რომელიც მეზობელ ქვეყნებში რადიკალური ისლამის ექსპორტს ემსახურება). კონკრეტული პრობლემების დიპლომატიური რისკების გარეშე მოგვარების გზა ქმნის შუშის ჭერს ავღანეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების გზაზე.
და, ბოლოს, მესამე გზა – სრულფასოვანი დიპლომატიური აღიარება, რომელიც მოითხოვს სერიოზულ მოსამზადებელ სამუშაოს როგორც მეზობელი ქვეყნების, ისე „თალიბანის“ მხრიდან, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად აპირებს ტერორიზმთან ბრძოლას თავის ტერიტორიაზე, რომ არ შეუშვებს ავღანეთში ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც „მწვანე რევოლუციის“ ექსპორტით არიან დაინტერესებული, ასევე შეამცირებს ნარკოტრაფიკის მასშტაბებს; და, შეძლებისდაგვარად, რასაკვირველია, ყველას აჩვენებს თავის კომპრომისულ სახეს, რისთვისაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს ავღანეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სუბსტანციური მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. ამასთან, შესანიშნავად ესმით, რომ ყოველდღიურად მცირდება იმ ავღანური ძალების რაოდენობა, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ „თალიბანთან“ მოლაპარაკების წარმართვა.
მოელაპარაკე, მაგრამ შეიარაღდი
ამჟამად ავღანეთის მეზობლების უმეტესობამ, მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმაც, აირჩიეს მეორე გზა ოდესმე მესამეზე გადასვლის პერსპექტივით. თუმცა ამავდროულად ისინი ყველა ღონეს იყენებენ საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
მაგალითად, სამხედრო სფეროში. სამიტის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, დააჩქარონ ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის გასაძლიერებლად მიზნობრივი პროგრამის მიღება, ასევე ერთ თვეში ჩაატარონ ტაჯიკეთში მასშტაბური წვრთნები.
ზომები სავსებით საჭირო და მართებულია – არა იმდენად შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად, რამდენადაც ნარკოტრაფიკთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით (მნიშვნელოვანი ნაწილი ავღანეთიდან რუსეთში სწორედ ტაჯიკეთის გავლით შედის). ამ მხრივ იდეალური იქნებოდა საზღვარზე რუსი მესაზღვრეების დაბრუნება, მაგრამ დუშანბესთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის, მათ შორის, პოლიტიკური მიზეზების გამო.
გარდა ამისა, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვონ, დიდი ალბათობით – რუსულით. როგორც ჩანს, ამისკენ მონაწილეებს უბიძგა აშშ-ის მიერ ავღანეთში დატოვებულმა იარაღის დიდმა რაოდენობამ, რომლის წყალობითაც თალიბების არმია გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის შეიარაღებული ძალები ერთად.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, არ დაკარგონ დრო პოლიტკორექტულობაზე და არ მიიღონ ავღანელი დევნილები, რომელთა ნაკადიც ახლო მომავალში შეიძლება გაიზარდოს.
„ჩვენი დაკვირვებით, ავღანეთში სერიოზული დესტაბილიზაციის ნიშნებია, რომელსაც სამოქალაქო ომი შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
და საქმე ის არ არის, რომ ქვეყნების ლიდერებს არ ეცოდებათ ავღანელი ლტოლვილები – რა თქმა უნდა, ეცოდებათ, ყველა ადამიანია. ამიტომ სიხარულით დაეხმარებოდნენ მათ იმ ქვეყნებში გადასვლაში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მათი სახლების ნგრევას – ანუ ევროპაში. თუმცა ევროპელებს ამ ლტოლვილების მიღება რატომღაც არ სურთ და უნდათ ისინი ავღანეთის მეზობელ შუააზიურ ქვეყნებში გადაამისამართონ. შესანიშნავად ესმით, რომ დევნილებს თან მიაქვთ პრობლემები საბინაო და შრომის ბაზრებისთვის, ასევე რადიკალიზაცია და ისლამიზაცია – ხომ შეიძლება იმავე ლტოლვილების ნიღბით სხვა სახელმწიფოებში ტერორისტებმაც შეაღწიონ.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ დელეგაციებს დუშანბე არ დაუტოვებიათ. 17 სექტემბერს იწყება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალი სამიტი, რომელზეც, დიდი ალბათობით, იგივე საკითხი განიხილება – რა მოუხერხონ ავღანეთს და როგორც განაგრძონ მის გვერდით ცხოვრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს