თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ხვალინდელი მონაცემები მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას – რა სიტუაციაა, მეხუთე ტალღა დაიწყო თუ ეს მეოთხე ტალღის გაგრძელებაა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი შემაშფოთებელი იყო.
„დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა. იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა. ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობამ 587 ათასს გადააჭარბა. ძალაზე მაღალია სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელიც.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს. ხელისუფლება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პანდემიის დასაძლევად წლის ბოლოსთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60–70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.