თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტროსა და ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ.
მემორანდუმის მიზანი პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
მობილური ოპერატორები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ–პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. 20 GB ინტერნეტი ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–სწავლებისთვის სავსებით საკმარისია.
„შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge პირადი ნომრის მითითებით უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, რომ გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გამოუყენებელი მეგაბაიტები გაუქმდება.
პორტალი www.mobile.emis.ge, სადაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში განახლდება. დისტანციური სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდეს, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.