თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ყოფილი კიკვიძის პარკი) გუშინ საღამოს ახალი სკეიტ-პარკი გაიხსნა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია.
სკეიტ-პარკი 508 კვ მეტრს მოიცავს და სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
პროექტის ბიუჯეტი 450.164 ლარს შეადგენს.
თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მსგავსი სივრცეების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის.
„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ-პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ-პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ“, - განაცხადა კალაძემ.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური სკეიტ-პარკები უკვე ფუნქციონირებს მზიურის და დედა-ენის პარკებში.
მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა.