გახარიას მხარდამჭერთა შტაბს მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს

პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა შტაბი თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა ჯგუფს ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ექს-პრემიერის მხარდამჭერთა შტაბი უზნაძის 4 ნომერში გაიხსნა. მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით აქ გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
მორიგი გამოკითხვა - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე
პარტიამ მხარდამჭერებისთვის გახსნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ისინი ონლაინ-რეგისტრაციას შეძლებენ.
მაკა მახარაძე - ცნობილი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის და მსახიობის, მედეა ჩახავას ქალიშვილია. მაკა მახარაძე თბილისში 1950 წლის 19 მაისს დაიბადა.
1968 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის №1 სკოლასთან არსებულ ბავშვთა საბალეტო სკოლა-სტუდიას, რომელიც შემდგომში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიად გადაკეთდა.
გახარია დებატებში იწვევს თავის ძირითად კონკურენტებს – კალაძეს და მელიას
მაკა მახარაძის მეუღლე - მხატვარი თეიმურაზ მურვანიძეა. მაკა მახარაძის ქალიშვილი - თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ნატა მურვანიძეა.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, დღეისათვის გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე 2 ოქტომბერს კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.