კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად გაუნადგურდა მოსავალი, ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას დღეიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში შეძლებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარით. ხოლო იმ ფერმერებს, რომლებმაც დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებით მიიღეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი (1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ათას ლარზე ნაკლები თანხა), სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას.
რთველი-2021: კახეთში 57 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს
ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. უწყების ინფორმაციით, მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.
ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას.
საქართველოში ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიები სოფლის განვითარების სააგენტოს გაუგზავნიან იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. ამის შემდეგ განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა და გაიცემა ერთჯერადი დახმარება. ფერმერები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ „ლიბერთი ბანკის" მეშვეობით. მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხება თანხა.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, რომელმაც დააზიანა 180 ჰექტარი ვენახი.