ლილოში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

გამომძიებლები ადგენენ, უკავშირდება თუ არა მამაკაცის გარდაცვალება დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობების უგულებელყოფას.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ლილოში უბედური შემთხვევა მოხდა – მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სამშენებლო სამუშაოების დროს ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ბათუმში მამაკაცი მშენებარე სახლიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, ამიტომაც 2018 წლის მარტში პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც გაწერილია შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტები. მოგვიანებით კანონის სრულყოფა მოხდა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა.