თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანება იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის საკითხზე მედიაციის პროცესს აგრძელებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
ივნისში ენერგეტიკულმა გაერთიანებამ და პირადად მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარემ დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულება დაიწყო.
ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა. თუმცა, მოგვიანებით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამშენებლო კომპანიისა და ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების პუნქტების დარღვევაზე განაცხადეს.
„ენერგოგაერთიანების შუამავლობის პროცესი გრძელდება და მასში ჩართული არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები. ის ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, და მათ აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობამ საზოგადოებას პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, აღნიშნული საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მედიაციის პროცესი გრძელდება.
დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხს მისი მოადგილე კურირებს და თავად მინისტრი თემასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას არ ფლობს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც შეეხება შეთანხმების ჩვენ ნაწილს, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მიმდინარეობს ანგარიშის დამატებითი შეფასება უფრო ნეიტრალური მხარის მიერ... საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას კონკრეტულად მე არ ვფლობ, ჩემი მოადგილეა უშუალოდ ჩართული მედიაციის პროცესში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ცხრა თვეზე მეტია გრძელდება. ქუთაისში ჩატარებული რიგი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში შეიკრიბნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, მოითხოვეს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და ჰესის მშენებელ თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქალაქის პარალიზება“ დააანონსეს. მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქტივისტები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, სადაც პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმება, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
მასობრივი საპროტესტო აქციების პასუხად მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო საკითხის გადაჭრის საკითხში საერთაშორისო შუამავლების ჩართვის პირობა დადო.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესის" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი – 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.