თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჰიჯაბიანი ქალებისთვის განათლება და მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შეერთებულმა შტატებმა არ უნდა სცადოს ქვეყნის კულტურის შეცვლას. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„ქალების უფლებები იქნება დაცული. მათ არ შეექმნებათ პრობლემა განათლების მიღებისა ან მუშაობის შესაძლებლობის კუთხით. მაგრამ ჩვენ (ავღანეთი და აშშ) არ უნდა ვცდილობდეთ ერთმანეთის კულტურის შეცვლას. თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ქალებს ჰიჯაბის გარეშე უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა - ესაა კულტურის შეცვლის მცდელობა. თქვენთან ეს დასაშვებია. ჩვენს კულტურაში [ქალებს] შეუძლიათ განათლების მიღება და მუშაობა ჰიჯაბში შემოსილებს“, - განაცხადა შაჰინმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში.
მანამდე მოძრაობა „თალიბანის“ მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ვაჰიდულა ჰაშიმიმ განაცხადა, რომ ქალთა სამოსის სავალდებულო ფორმის შესახებ ისლამისტ ღვთისმეტყველთა საბჭო იმსჯელებს. ამასთან თალიბებმა აღნიშნეს, რომ არ მოსთხოვენ ქალებს ბურკინის ტარებას, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს. საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს.
თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მსგავსი განცხადებების ფონზე, საკუთარი უფლებების დაცვისა და მთავრობაში მონაწილეობის მოთხოვნით, აქტივისტმა ქალებმა დემონსტრაცია გამართეს ქაბულსა და ჰერათში.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა დაასრულა.