თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.
„აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე ძალიან გვახარებს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გააძლიერებს კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა უკეთ მოხდეს მძიმე პაციენტების მართვა და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.
ამასთან, მინისტრმა თითოეულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.