თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს ახალი შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად 6 სექტემბრიდან ამოქმედდება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის, თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ დოკუმენტების არქონის შემთხვევაში პირმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველებზე.
კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა. შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საელჩო თანამოქალაქეებს „ცხელი ხაზის“ შემდეგ ნომრებზე დაკავშირებას სთავაზობს: ანკარაში +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; სტამბულში +90 541 818 44 00; ტრაპიზონში +90 541 326 22 26; იზმირში +90 530 280 45 08.