COVID-19 - ბოლო ცნობები

პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალურ შეზღუდვებს არ გამორიცხავს.
Sputnik
„თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ლოკდაუნის“ შესახებ ხმები ქვეყანაში აგვისტოს დასაწყისიდან გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების რაოდენობამ დღითი დღე მკვეთრად იმატა. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 137.755 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებული შემთხვევების მეოთხედია. ასევე აგვისტოს დასაწყისიდან 1.796 ადამიანი გარდაიცვალა – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 23%.

„ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, შემიძლია ერთ საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შესაძლო „ლოკდაუნზე“ დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მთავრობა „ლოკდაუნზე“ უარს ამბობს – ეკონომიკაა.
„ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ტიკარაძე: შეიმჩნევა ეპიდვითარების სტაბილიზაცია
მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება იმის წყალობით, რომ მთავრობამ ქვეყანა არ ჩაკეტა.

„ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას... მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად: არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე, და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მან დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალური შეზღუდვები გაგრძელდება.
ამჟამად საქართველოს დიდ ქალაქებში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, სკოლები და უნივერსიტეტები მუშაობას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე დაკეტილი იქნება, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულოა.