თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ლატვიისგან 50 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად მიღებაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უარი თქვა ნაჩუქარ AstraZeneca-ს ვაქცინაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან" გიორგი კანდელაკმა გაავრცელა.
ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრით, არ არის საინტერესო და პრობლემური საკითხი საქართველოს მხრიდან AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარის თქმა.
„რატომ არის ეგ საინტერესო და რატომ არის ეგ პრობლემური? ჩვენ შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, Pfizer-ის მილიონი დოზა გვაქვს კიდევ, Sinovac-ი, Sinopharm-ი ერთი მილიონი გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ 2 მლნ Pfizer-ზე. AstraZeneca შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ნაკლებად პრიორიტეტული იყო... ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაშინ გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო. პირველივე დღეებში ტრაგედია მოხდა, რომელმაც საზოგადოება შეძრა – AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ ახალგაზრდა მედდა გარდაიცვალა. 27 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში ჩავარდა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ამჟამად AstraZeneca-ს არჩევა ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ, დანარჩენებისთვის კი ხელმისაწვდომია Pfizer-ი, მათ შორის 16 წელს ზემოთ პირებისთვის, და Sinovac-ი, ხოლო რაც შეეხება Sinopharm-ს, ამჟამად ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.