COVID-19 - ბოლო ცნობები

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს.
უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად ვაქცინირებული პირები უსასყიდლოდ შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
– ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
– უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
– ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
– ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ: გამყრელიძის ინიციატივა
გარდა ამისა, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა მიმდინარეობს. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.184.306 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 393.764 ადამიანი.