სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი პირველადი და მეორადი ბინის და სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მთავრობა 1 სექტემბრიდან იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის კომპონენტში სუბსიდიით დაეხმარება იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროგრამა ითვალისწინებს იპოთეკური სესხის 6%-ის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინა. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.
ოჯახებს საქართველოში ბინების შეძენაში დაეხმარებიან
სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.

„1 სექტემბრის შემდეგ ასეთ ოჯახებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ან შეიძინოს საცხოვრებელი ბინა, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა და გაუმჯობესდეს ყოფითი პირობები.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს: ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ბინების შეძენაში დაეხმარება
გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.