თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
„რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია. ჩვენთან ადმინისტრირებადი ვაქცინებიდან ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.
„დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ორსულებს ცრიან. არ არსებობს არცერთი პროცენტი იმის, რომ ვაქცინამ ნაყოფს ავნოს. ამის მაგალითი უკვე მრავლადაა, შობილი ჯანმრთელი ბავშვები “, – განაცხადა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის იმუნოლოგმა ნათია გორდაძემ.
ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირებული ორსულების გარდაცვალების 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.